სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად სვანი მოსახლეობა შეადგენს, რომელიც გამორჩეულია მკვეთრად გამოხატული თვითმყოფადი კულტურითა და ტრადიციებით.