ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთშიასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრისმარცხენა ნაპირზე.

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.
ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღ. დონიდან 1300 მეტრზე.